სიახლეები

STEAM Twinning პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყო

STEAM Twinning პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, STEAM მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად სკოლების შერჩევას იწყებს.

STEAM Twinning პროექტის მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კეთებით სწავლების ხელშეწყობა, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და STEAM მიმართულებით განხორციელებული პროექტების პოპულარიზაცია.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს, რომლებსაც საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მინიმუმ 30 მოსწავლე და მოტივირებული და თანამშრომლობის მსურველი მასწავლებლების გუნდი, მათ შორის: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის პედაგოგები.

მსურველთა რეგისტრაცია 14 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ - ბმულზე

სკოლების შერჩევას განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

შერჩევისას გათვალისწინებული იქნება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი, რომელშიც ასახული იქნება პროექტში მონაწილეობის მოტივაცია, არსებული შესაძლებლობები და STEAM მიმართულებით პროექტების განხორციელების ხედვა.

პრიორიტეტი მიენიჭება სკოლას, რომელიც ჩართულია eTwinning-ის პროგრამაში და ჰყავს პედაგოგები, რომელთაც მიღებული აქვთ ეროვნული და/ან ევროპული ხარისხის ნიშანი.

სკოლების თანაბარი კონკურენტული გარემოსა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რეგიონებში მდებარე სკოლების მონაწილეობას.

კონკურსის შედეგად შერჩეული 15 სკოლა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, უზრუნველყოფილი იქნება პროექტების განსახორციელებლად საჭირო შესაბამისი სასწავლო რესურსებით.

შერჩეული სკოლების მასწავლებლებისთვის ცენტრის ბაზაზე განხორციელდება მიზნობრივი გადამზადება, რომელიც დაეხმარება მათ STEAM მიმართულებით პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების ეფექტიან გამოყენებაში.

პროექტების განხორციელების პროცესში, საჭიროების შესაბამისად, ცენტრის თანამშრომლები პედაგოგებს გაუწევენ მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ კონსულტაციებს, როგორც ონლაინ, ისე პირისპირ ფორმატში.

STEAM აქტივობებისა და eTwinning-ის პროექტების ინტეგრირება ხელს შეუწყობს სკოლებში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, განავითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

STEAM Twinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტები განთავსდება eTwinning-ის/ESEP-ის პლატფორმაზე, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ითანამშრომლონ საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლების მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.