მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს პროგრამა eTwinning-ის პლატფორმაზე გაწევრიანებით (რეგისტრაციით) დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
შეხვედრების თემაა – „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სამეგრელოს რეგიონის სკოლების მასწავლებლებისთვის ზუგდიდში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა, გამოცდილი სპეციალისტების მხარდაჭერით, მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო თანამშრომლობის საერთაშორისო შესაძლებლობების, პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის გზების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მექანიზმებისა და წარმატებული პროექტების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
eTwinning ევროპული სასკოლო თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას. პროგრამის ძირითადი სამუშაო სივრცე – European School Education Platform (ESEP) – ფუნქციონირებს 27 ენაზე, მათ შორის ქართულად.
საქართველოში eTwinning-ის პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე 12 წელია ხორციელდება.
ამჟამად პლატფორმაზე საქართველოდან 6 000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელებულია 6 549 პროექტი, რომელთაგან 1 704-ს მინიჭებული აქვს ევროპის ხარისხის ნიშანი (European Quality Label – EQL).
ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
პლატფორმაზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://drive.google.com/.../1PP.../
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: etwinningplus@tpdc.ge