მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველმა პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ სარაევოში გამართულ eTwinning-ის საერთაშორისო STEM სემინარში თემაზე – „ხელოვნური ინტელექტისა და საგანმანათლებლო რობოტიკის გამოყენება STEM eTwinning პროექტებში“.
სემინარი ბოსნია და ჰერცეგოვინისა და საბერძნეთის eTwinning-ის ეროვნული მხარდამჭერი ორგანიზაციების თანამშრომლობით გაიმართა და განკუთვნილი იყო ზოგადი განათლების საფეხურების მასწავლებლებისთვის.
საქართველოდან საერთაშორისო სემინარში მონაწილეობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული ორი მასწავლებელი. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, ევროპის ცხრა ქვეყნის პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სემინარის მიზანი იყო საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და STEM-ისა და ციფრული კომპეტენციების განვითარების ინოვაციური, თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული მიდგომების გაცნობა. პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ სამუშაო სესიებსა და ერთობლივ აქტივობებს.
მონაწილეები გაეცნენ STEM განათლებაში ხელოვნური ინტელექტის, საგანმანათლებლო რობოტიკის, Micro:bit-ისა და eTwinning-ის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას. მათ ასევე იმსჯელეს ინოვაციური სასწავლო მიდგომების დანერგვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობებზე.
სემინარის ფარგლებში მასწავლებლებმა იმუშავეს საპროექტო იდეების შემუშავებასა და დახვეწაზე, TwinSpace-ის გამოყენებით დაგეგმეს ახალი საერთაშორისო პროექტები, დაამყარეს პარტნიორული თანამშრომლობა, გაეცნენ eTwinning-ის პროექტების დაგეგმვისა და რეგისტრაციის პროცედურებს და პროფესიული კავშირები დაამყარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან.
ქართველი მასწავლებლები საერთაშორისო სემინარზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს გაუზიარებენ და სასწავლო პროცესში დანერგავენ. ეს ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.