მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ციკლს პროგრამა eTwinning-ის პლატფორმაზე გაწევრიანებით (რეგისტრაციით) დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
შეხვედრების თემაა – „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.
მორიგი შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს სკოლების მასწავლებლებისთვის თბილისში და თელავში გაიმართა.
შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები, გამოცდილი სპეციალისტების მხარდაჭერით, გაეცნენ საგანმანათლებლო თანამშრომლობის საერთაშორისო შესაძლებლობებს, პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის გზებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და წარმატებული პროექტების პრაქტიკულ მაგალითებს.
eTwinning ევროპული სასკოლო თანამშრომლობის პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას. პროგრამის ძირითადი სამუშაო სივრცე – European School Education Platform (ESEP) – 27 ენაზე, მათ შორის ქართულად, ფუნქციონირებს.
საქართველოში eTwinning-ის პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე 12 წელია ხორციელდება. ამჟამად პლატფორმაზე საქართველოდან 6 000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელებულია 6 549 პროექტი, რომელთაგან 1 704-ს ევროპის ხარისხის ნიშანი (European Quality Label – EQL) აქვს მინიჭებული.
ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერ მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია.
პლატფორმაზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://drive.google.com/.../1PP.../
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: etwinningplus@tpdc.ge