სიახლეები

ცუცხვათის საჯარო სკოლას „eTwinning სკოლის“ ნიშანი მიენიჭა

ცუცხვათის საჯარო სკოლას „eTwinning სკოლის“ ნიშანი მიენიჭა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში „eTwinning სკოლის“ ნიშნის მინიჭების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

„eTwinning სკოლის“ ნიშანი წარმოადგენს ევროპულ დონეზე აღიარებულ სტატუსს, რომელიც ენიჭება სკოლას ინოვაციური, თანამშრომლობაზე დაფუძნებული და ციფრული სწავლების პრაქტიკის წარმატებით დანერგვისთვის. სტატუსი ადასტურებს, რომ სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

მიმდინარე წელს აღნიშნული სტატუსი საქართველოს ოთხ სკოლას, მათ შორის სოფელ ცუცხვათის მცირეკონტინგენტიან სკოლას მიენიჭა.

საზეიმო ღონისძიებაზე, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარების ნიშნად სკოლას გადაეცა ევროკომისიის ოფიციალური მისალოცი წერილი და „eTwinning სკოლის“ დროშა.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაჯამეს პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, გაიმართა STEAM Twinning ინიციატივის ფარგლებში შექმნილი მოდელებისა და სხვა ნამუშევრების გამოფენები და პრეზენტაციები.

შემაჯამებელ კონფერენციაზე მიწვეული იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები.

„eTwinning სკოლის“ სტატუსი სკოლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოონ საერთაშორისო თანამშრომლობა, აქტიურად ჩაერთონ ევროპულ საგანმანათლებლო ინიციატივებში და საკუთარი წარმატებული პრაქტიკა საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩინონ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს. ამჟამად პროგრამის პლატფორმაზე „ESEP‘‘ საქართველოს 1400 სკოლის 6000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული, რომლებსაც 7000-მდე საერთაშორისო პროექტში აქვთ მიღებული მონაწილეობა და მოპოვებული აქვთ 1600-მდე ევროპის ხარისხის ნიშანი. “eTwinning სკოლის” ნიშანი - კი საქართველოს 16 სკოლას აქვს მინიჭებული.