სიახლეები

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ამბასადორებისთვის პოლონეთში

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი ამბასადორებისთვის პოლონეთში

2025 წლის 9-11 ოქტომბერს ქ. კრაკოვში, პოლონეთში გაიმართა სემინარი „ამბასადორები მოქმედებაში: ცხოვრების უნარების განვითარება და საზოგადოების გაძლიერება“, რომელიც განკუთვნილი იყო eTwinning-ის გამოცდილი ამბასადორებისთვის. სემინარში მონაწილეობდა 150 ამბასადორი 44 ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილეობდა პროგრამის ტრენერ-ამბასადორი ნინო სარაული.

სემინარი წარმოადგენდა ევროკომისიის 2025 წელს დაწყებული ინიციატივის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს საბაზისო და ცხოვრებისათვის აუცილებელი კომპეტენციების (წერა-კითხვა, მათემატიკა, მეცნიერება, ციფრული წიგნიერება და აქტიური მოქალაქეობა) ხელშეწყობას განათლების ყველა დონეზე. eTwinning-ის 2025/2026 წლების ყოველწლიური თემაც ამ მიმართულებას ეხმიანება — „Skills for Life“. ღონისძიების მიზანი იყო ამბასადორების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ საბაზისო კომპეტენციები თავიანთ მენტორულ და საინფორმაციო საქმიანობაში. სემინარი მოიცავდა თანამშრომლობით სესიებს, პრაქტიკულ საქმიანობებსა და გამოცდილების გაზიარებას, როგორიც იყო: საბაზისო უნარების სწავლებისა და სწავლის ხელშეწყობა; ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს განვითარება; ლიდერობის გაძლიერება ევროპული სკოლის განათლების პლატფორმასა და მის ფარგლებს გარეთ.

სამდღიანმა შეხვედრამ გააძლიერა ამბასადორების მენტორობისა და ქოუჩინგის უნარები, რაც დაეხმარებათ eTwinning-ის ადგილობრივი ქსელის კიდევ უფრო ეფექტიანად გაძლიერებაში. მიღებული ცოდნა და რესურსები გამოყენებული იქნება როგორც მასწავლებელთა მხარდაჭერისთვის, ისე ახალი ინიციატივების დასაგეგმად.