სიახლეები

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი სარაევოში

eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი სარაევოში

2024 წლის 7-9 ნოემბერს ქ.სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაიმართა eTwinning-ის საერთაშორისო სემინარი “ევროკავშირის ღირებულებების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“. სემინარმა გააერთიანა 94 მასწავლებელი ევროპის 32 ქვეყნიდან. სემინარის მიზანი იყო მასწავლებლების გაძლიერება, რათა წარმატებით მოახდინონ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კულტურული მრავალფეროვნებისა და სხვა ევროკავშირის ღირებულებების ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

სემინარი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, პროექტების პრეზენტაციები და დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა გაიაზრეს ევროკავშირის ღირებულებების მნიშვნელოვანი როლი განათლებისა და მოქალაქეობის განვითარებაში. ასევე, განხილულ იქნა ახალი მეთოდები, ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც საჭიროა ინკლუზიური და დემოკრატიული განათლების კულტურის წარმატებით დანერგვისთვის.

სემინარზე საქართველოდან მონაწილეობდნენ eTwinning-ის ამბასადორები რუსუდან კარკაძე და დიმიტრი პოპოვი, მათი ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტები, რომლებიც STEAM-ის და კიბერუსაფრთხოების თემებს მოიცავს. პროექტები ითვალისწინებს ინტერნაციონალურ თანამშრომლობას სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის იტალიასთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, მაკედონიასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ქართველ და უცხოელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ამ პროექტებზე მუშაობა მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე შეეძლებათ, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

სარაევოში გამართული eTwinning-ის სემინარი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენდა მასწავლებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ღირებულებების ინტეგრირებას თავიანთი სასწავლო პროცესის ნაწილად. ქართველი მონაწილეების მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციას eTwinning-ის საგანმანათლებლო ქსელში და ხელს შეუწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას.