სიახლეები

eTwinning ის ფარგლებში ყოველწლიური კონფერენცია ქ.ბრიუსელში

eTwinning ის ფარგლებში  ყოველწლიური  კონფერენცია ქ.ბრიუსელში

2024 წლის 26-28 სექტემბერს ბელგიაში, ქ. ბრიუსელში  eTwinning ყოველწლიური კონფერენცია  „კეთილდღეობა სკოლაში“ გაიმართა. კონფერენციას  ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. საქართველოდან კონფერენციაზე მივლინებული იყო ორი მასწავლებელი,  ნინო კანდელაკი და ნინო გოდერძიშვილი.

კონფერენციის მიზანი იყო სკოლაში კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მონაწილეთა აღჭურვა  კეთილდღეობის ხელშესაწყობად ეფექტური სტრატეგიებით. კონფერენციის ფარგლებში მოხდა  უახლესი კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტისა და პრაქტიკის გაზიარება.

პირველი დღე პლენარული სხდომით გაიხსნა, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ილიანა ივანოვამ  (ევროპის კომისარი ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში) მთავარი მომხსენებლი იყო ჯეიმს ო’ჰიგინს ნორმანის  (კლინიკური ფსიქოლოგი, იუნესკოს  ბულინგისა და კიბერბულინგის კათედრის ხელმძღვანელი ირლანდიის უნივერსიტეტში);

ამავე დღეს დაჯილდოვდნენ eTwinning-ის ფარგლებში  გამარჯვებული პროექტები. აუდიტორიას საშუალება მიეცა უფრო მეტი გაეგოთ გამარჯვებული პროექტების შესახებ და თავად  პროექტების ავტორებისგან მოესმინათ, თუ რა  გამოწვევების წინაშე იდგნენ განხორციელების პროცესში და როგორ გადალახეს ისინი.

კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და დატვირთული იყო საინტერესო ვოკშოპებით ისეთ აქტუალურ თემებზე,  რომელიც ზუსტად ხსნიდა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს მოსწავლეებისათვის უსაფრთხო, მშვიდი და მამოტივირებელი გარემოს შექმნით თავდაჯერებული და წარმატებული პიროვნებების აღზრდა.