სიახლეები

კონფერენცია "eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის"

კონფერენცია "eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის"

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია: „eTwinning გლობალური მოქალაქეობისთვის“. კონფერენციას პროგრამაში ჩართული, საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენელი 120 მასწავლებელი, განათლების ექსპერტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

eTwinning-ის კონფერენციის მიზანია გლობალური მოქალაქეობრივი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა მიიღეს ინფორმაცია იმ თანამედროვე მიდგომების შესახებ, რაც დაეხმარებათ გლობალური მოქალაქეობის პრინციპების დანერგვასა და მდგრადი, მედიაწიგნიერი, დემოკრატიული და გლობალურად განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

კონფერენციას სპეციალური მომხსენებლის სტატუსით დაესწრო სინდი შაიბი, ითაკას კოლეჯის (აშშ) სრული პროფესორი განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაციის (NAMLE) წევრი, მასწავლებლის სახელმძღვანელოს „მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნება მულტიმედიურ სამყაროში“ თანაავტორი.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სასწავლო-სამუშაო თემატურ შეხვედრებში, ისეთ თემებზე როგორიცაა: მედიაწიგნიერება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის დანერგვის მექანიზმები, მდგრადი განვითარების მიზნები და სხვ. შეხვედრებს უძღვებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები ასევე, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები და პროგრამების წარმომადგენლები.

კონფერენციაში ჩართულმა მასწავლებლებმა, მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმართულებების შესაბამისად, ჩამოაყალიბეს ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა სასწავლო პროექტების გეგმებზე. სამუშაო ჯგუფების მიერ წარდგენილი პროექტები განთავსდება eTwinning-ის პორტალზე.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას. eTwinning-ი, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, უკვე მრავალი წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინ სივრცეში https://school-education.ec.europa.eu/en . eTwinning-ის ფარგლებში მასწავლებლებს ევროპის 44 ქვეყნიდან შეუძლიათ საერთო პროექტების დაგეგმვა/განხორციელება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებთან თანამშრომლობა.

eTwinning-ის პლატფორმაზე საქართველოდან რეგისტრირებულია 2300 მასწავლებელი 1400 სკოლიდან. 2013 წლიდან დღემდე პორტალზე დაიგეგმა 5000-მდე პროექტი ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით.