მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამას eTwinning, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ მიერ.
eTwinning, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, უკვე 21 წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინსივრცეში https://school-education.ec.europa.eu/en. eTwinning-ის ფარგლებში მასწავლებლებს ევროპის 46 ქვეყნიდან შეუძლიათ საერთო პროექტების დაგეგმვა/განხორციელება, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებთან თანამშრომლობა. პორტალი ფუნქციონირებს 30 ენაზე. მისი ქართულად თარგმნის ინიციატივა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის.
eTwinning-ის ქსელში საქართველოს 1400 სკოლიდან, რეგისტრირებულია 5 300 მასწავლებელი. 2013 წლიდან დღემდე პორტალზე ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით დაიგეგმა 6550 პროექტი, მათგან 1704-ს მიენიჭა ევროპის ხარისხის ნიშანი, ხოლო 2 პროექტი გახდა ევროპის საპრიზო კონკურსის გამარჯვებული.
პროგრამა გამორჩეულია იმითაც, რომ აქტიურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილება მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. უცხოელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრა და კომუნიკაცია, ერთგვარი მოტივატორია ქართველი მასწავლებლებისთვის, კიდევ უფრო მეტი ახალი საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმონ და განახორციელონ. 2015 წლიდან დღემდე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ სემინარებსა და კონფერენციებში 170 მასწავლებელი მონაწილეობდა.