ქართველმა მასწავლებლებმა ბრიუსელში eTwinning-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველმა პედაგოგებმა ბრიუსელში გამართულ eTwinning-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის თემა იყო „მომავლის სკოლები: მასწავლებლებისა და მოსწავლეების გაძლიერება“.
საქართველოდან საერთაშორისო კონფერენციაზე ცენტრის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი მასწავლებელი იმყოფებოდა. ღონისძიებაში ევროპის 46 ქვეყნის 200-მდე პედაგოგი მონაწილეობდა.
მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ უნდა მოემზადონ სკოლები 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების გამოწვევებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებაში ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას, ციფრული კომპეტენციების განვითარებას, ინკლუზიას, მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას, კეთილდღეობასა და საერთაშორისო თანამშრომლობას.
„მომავლის სკოლების“ კონცეფციის განხილვისას ყურადღება გამახვილდა განათლებაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასა და მოსწავლეთა განვითარებისა და წარმატებისთვის საჭირო პირობებზე.
პროგრამა მოიცავდა თემატურ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და პრაქტიკულ სამუშაო სესიებს. ქართველ პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოცდილება გაეზიარებინათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებისთვის, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები და ახალი პარტნიორული ურთიერთობები.
კონფერენცია eTwinning-ის ცენტრალური მხარდამჭერი სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველი მასწავლებლები სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენებენ.