სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - "ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით"

 აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - "ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით"

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია - "ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით" გაიმართა. კონფერენცია ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში, ტიბორ ნავრაჩიჩმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გახსნეს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, კულტურა და განათლება თანაბრად დიდ როლს ასრულებს დემოკრატიული პრინციპების დანერგვაში, სოციალური ინტეგრაციის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

„მე ვამაყობ, რომ განათლება არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის 25% ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმირებას. ფართომასშტაბიანი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, სისტემის სინქრონიზაციაა ევროკავშირის ქვეყნების განათლების სტანდარტებთან. ის ნაბიჯები, რომელიც ამ კუთხით იდგმევა, სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ საქართველოში გაიზარდოს სწავლების ხარისხი და მეტი ევროპული განათლება დაინერგოს“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

აღნიშნული სემინარის ფარგლებში დაიგეგმა სესია: „მასწავლებელთა როლი  საერთო ფასეულობების განვითარებაში“,  კერძოდ, სესიის ფარგლებში ხაზი გაესვა პროგრამა eTwinning-ის უპირატესობას  დემოკრატიული ღირებულებების ფორმირებაში. სესიაზე მოწვეულნი იყვნენ მომხსენებლებად eTwinningplus ქვეყნებიდან,  რომელთაც ისაუბრეს საკუთარ მიღწევებზე ამ  მიმართულებით,  საკუთარი გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს ქართველმა სკოლის დირექტორებმა ნინო ჩიხლაძემ და სოფო ხვედელიძემ .