სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის „eTwinning plus” მონაწილე მასწავლებლებთან

საინფორმაციო შეხვედრა პროგრამის „eTwinning plus” მონაწილე მასწავლებლებთან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „eTwinning plus” ფარგლებში ახლად დარეგისტრირებულ მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლებს პროგრამის მიზნებსა და ევროპული ღირებულებების დანერგვაში მათ როლზე ესაუბრა. პროგრამის კოორდინატორმა, ხატია მატკავამ კი პროგრამის ონლაინპორტალზე მუშაობის სპეციფიკა, წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე სიახლეები გააცნო.

პროგრამის ტრენერამბასადორებმა და მასწავლებლებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ასევე გააცნეს ხარისხის ნიშნის მოსაპოვებელი კრიტერიუმები და პრაქტიკული მაგალითები.

2019 წელს eTwinning-ის ყურადღების ცენტრში დემოკრატიული ჩართულობა მოექცა. eTwinning -ის მეშვეობით, შესაძლებელია დემოკრატიული კულტურის დასანერგად აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა, როგორიცაა დამოუკიდებელი სწავლა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, მოსმენა და დაკვირვება, ემპათია, მოქნილობა და ადაპტაციის უნარი, ლინგვისტური, კომუნიკაციური და პლურილინგვისტური უნარები, თანამშრომლობისა და კონფლიქტების მოგვარების უნარი.

აღნიშნული თემიდან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის შეთავაზებული იყო ვორქშოფი თემაზე : „დემოკრატიული კულტურა სკოლაში“, რომელსაც დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ნათია ნაცვლიშვილი უძღვებოდა, ვორქშოფის ფარგლებში განიხილეს ევროპის საბჭოს მიერ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით შექმნილი სარეკომენდაციო „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩო“, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით შექმნილი სარეკომენდაციო დოკუმენტია, რომლის მიზანია მოსწავლეთა იმ კომპეტენციებით აღჭურვა, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრისთვის აუცილებელია მრავალფეროვან საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის. შეხვედრის ფარგლებში მოხდა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილებისა და საქმიანობის გაზიარება.