სიახლეები

eTwinning-ის სემინარი ბუდაპეშტში

eTwinning-ის სემინარი ბუდაპეშტში

2023 წლის 12-14 მაისს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი eTwinning -ის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის „ინოვაცია და განათლება.“ სემინარზე 15 ქვეყნის 55 მასწავლებელი მონაწილეობდა. საქართველოდან სემინარს ესწრებოდა პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული სამი მასწავლებელი: სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარიკა ჩიტაძე, სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ლალი ქურდაძე და სსიპ თბილისის ალექსანდრე ცინცაძის სახელობის N150 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ირინა ნოზაძე.

სემინარის მთავარი თემა გახლდათ ინოვაციის ხელშეწყობა საგანმანათლებლო პროექტებში.

სემინარის პირველი დღე გახსნეს და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს უნგრეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და eTwinning-ის ეროვნული მხარდაჭერის ორგანზაციის კოორდინატორმა ქალბატონმა ანდრეა ბაგიმ.

პლენარული სესიის მეორე ნაწილი დაეთმო მასწავლებლების მიერ პროექტებში განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მომხსენებლებს შორის იყვნენ ქართველი მასწავლებლებიც, რომლებმაც უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს STEM -ის ეფექტური ინტეგრირება eTwinning პროექტებში.

სემინარის მეორე და მესამე დღე სრულად დაეთმო მცირე ჯგუფებში ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც უძღვებოდნენ უნგრელი ამბასადორები.

სემინარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო უცხოელი კოლეგების გაცნობა და მათთან შემდგომი თანამშრომლობა.