სიახლეები

კონფერენცია "eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის!

კონფერენცია "eTwinning-ი მედიაწიგნიერებისათვის!

2022 წლის 25 თებერვალს, eTwinning-ის  კონფერენცია ონლაინ ფორმატით გაიხსნა. კონფერენციის მიზანია  მედიაწიგნიერების მნიშვნელობის, მისი შესაძლებლობისა და საჭიროების   გაცნობა/ გააზრება. საკითხით დაინტერესებული პედაგოგები გაერთიანდნენ სპეციალურად მომზადებულ ონლაინ პლატფორმაზე. კონფერენციას ესწრება 150 მდე პროგრამაში რეგისტრირებული მასწავლებელი.

კონფერენცია გახსნა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ბერიკა შუკაკიძემ, მან აღნიშნა, რომ:  „დღეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ მძლავრი ინსტრუმენტებით უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო სისტემები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი. განათლებას აკისრია მნიშვნელოვანი როლი პედაგოგებისა და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მედიაწიგნიერების უნარების განვითარების საქმეში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ასევე, უნდა  აღინიშნოს  საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც. ჩვენთვის ნათელია, რომ მოსწავლეების ციფრული და მედიაწიგნიერების მყარი უნარებით აღჭურვას შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს კარგად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, მედიაწიგნიერება ერთ-ერთი ცენტრალური გამჭოლი კომპეტენციაა, რომელიც დაკავშირებულია კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებასთან, მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას ინფორმაციის ულევ ნაკადს, გაფილტროს და შექმნას ახალი ინფორმაცია. გამომდინარე აქედან,  ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ მოხდეს მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობა  და  სასწავლო მასალებში მისი ინტეგრირება. რადგან მედიაწიგნიერება რაობა  არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების შესწავლით, არამედ, მიზნად უნდა ისახავდეს მოქალაქეების კრიტიკული აზროვნების უნარებით აღჭურვას, რაც აუცილებელია მსჯელობისათვის, რთული რეალობების გასაანალიზებლად და მოსაზრებისა და ფაქტის გასარჩევად.“ 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2021 წელს eTwinning-მა  მთავარ თემად  „მედიაწიგნიერება და დეზინფორმაცია.“  აირჩია.  კონფერენცია ერთგვარი შეჯამებაა  მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმნიანობისა.  პროგრამის ფარგლებში 2021 წელს დაგეგმილი იყო მთელი რიგი აქტივობებისა, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, წლის განმავლოაბაში, eTwinning-ის პორტალზე ინიცირებული იყო  ათასობით პროექტი მედიაწიგნიერების თემაზე. ჩატარდა მრავალი ვებინარი, სემინარი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც eTwinning-ის ეროვნულმა მხარდაჭერის ორგანიზაციამ, შექმნა/დანერგა ტრენინგ-მოდული მედიაწიგნიერების  თემაზე და უზრუნველყო დაინტერესებული მასწავლებლების გადამზადება, პროფესიული მხარდაჭერა, ასევე,  მომზადდა ანიმაციური ვიდეო რგოლები მედიაწიგნიერების თემაზე და ქართულ ენაზე ითარგმნა სხვადასხვა დამხმარე რესურსი.  

კონფერენციის ფარგლებში, მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაუზიარონ კოლეგებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები,   გაეცნონ მრავალფეროვან დამხმარე რესურსებს, დაეწრონ eTwinning-ის ამბასადორების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს . კონფერენცია გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ პროგარამა eTwinning-ი ხორციელდება  ევროკომისიის მხარდაჭერით და საქართველოდან პროგარამაში რეგისტრირებულია 2200 მასწავლებელი 1300 სკოლიდან, ხოლო, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2013 წლიდან წარმოადგენს eTwinning-ის ეროვნულ  მხარდაჭერის ორგანიზაციას.