სიახლეები

ითვინინგი, როგორც მედიატორი მცირე სასკოლო თემებში

ითვინინგი, როგორც მედიატორი მცირე სასკოლო თემებში

eTwinning-ის ცენტრალური მხარდამჭერი სამსახურის ორგანიზებით 21 -23 აპრილს ონლაინ ფორმატში ჩატარდა პროფესიული განვითარების სემინარი: "eTwinning-ი როგორც მედიატორი მცირე სასკოლო თემებში. “

სემინარს ესწრებოდა 200- მდე მასწავლებელი ევროპის სხვადახვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან 3 მასწავლებელი: სოფიკო ვაშაკიძე, ( სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა, სსიპ ქ.ქუთაისის N5 საჯარო სკოლა), ირმა კურტანიძე , (სსიპ ვაჟა- ფშაველას სახელობის ქ. გორის N9 საჯარო სკოლა), ლალი ქურდაძე, (სსიპ ქ.გორის N8 საჯარო სკოლა).

სემინარის მიზანი იყო ეჩვენებინა  თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს eTwinning-ი  სოფლად და პატარა ქალაქებში მდებარე სკოლებს და რა მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში  ევროპული საზოგადოების წევრობას .

სემინარის ფარგლებში განხილული იყო  ისეთი თემები, როგორიცაა მშობელთა ჩართულობა, მედიაწიგნიერება, სწავლების უნივერსალური დიზაინი და მათი გავლენა მოსწავლეებისა და მასწავლებლების სოციალურ-ემოციურ სწავლა-სწავლებასა და კეთილდღეობაზე.

სემინარი გაიხსნა პლენარული სესიით, მონაწილეებისათვის შეთავაზებული იყო ვორქშოფები, ჯგუფური სესიები, სადაც ევროპელმა კოლეგებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ხოლო მსმენელებს ჩათის დახმარებით კითხვების დასმის შესაძლებლობა ეძლეოდათ.

ერთ-ერთი ვორქშოფი ეძღვნებოდა არაფორმალური განათლების მნიშვნელობას ფორმალურ გარემოში. მუსიკის მასწავლებელმა ესპანეთიდან Genially ინსტრუმენტის საშუალებით წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გაამახვილა  eTwinning-ის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ვებ ინსტრუმენტების გამოყენებით მოსწავლეების გააქტიურებასა და არაფორმალურ სწავლებაში ჩართულობაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ  თავად განეხორციელებინათ რამდენიმე აქტივობა აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

სოფლად მდებარე eTwinning სკოლების შესახებ მოხსენება წარადგინა ინგლისური ენის მასწავლებელმა, eTwinning-ის ელჩმა პოლონეთიდან, რომელმაც ისაუბრა იმ მიღწევებსა და წარმატებებზე, რომელიც მოიპოვა მისმა სკოლამ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ხელმძღვანელთა მაღალი ჩართულობით eTwinning-ის პროექტებში.

ვორქშოფზე რომელიც ეძღვნებოდა მოსწავლეთა მოტივაციას, ისტორიის მასწავლებელმა ბოსტონიდან და ევროპული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც მასწავლებლები აწყდებიან მთელი ევროპის მასშტაბით. მათ მოიყვანეს მაგალითები და გაუზიარეს მსმენელს იდეები, თუ როგორ შეიძლება გაუღვივოთ სწავლის ინტერესი მოსწავლეებს  ახალი თემის წარდგენის დროს, რა მეთოდები და შეფასების საშუალებები შეიძლება გამოიყენონ, რომ მოსწავლეების მოტივაცია იყოს მაღალი. მომხსენებელმა მონაწილეებს შესთავაზა რესურსები, რომლებიც განთავსებულია ისტორიის მასწავლებლებისთვის განკუთვნილ პორტალზე Historiana.

სემინარებზე  ბევრი სახალისო აქტივობა განხორციელდა მსმენელთა ჩართულობით - სიტყვების ღრუბლები, ქვიზები (Kahoot, Quizizz), გამოკითხვები, საკუთარი თავის და სკოლის წარდგენა ერთობლივი Google პრეზენტაციის საშუალებით და სხვა.