სიახლეები

წლის შემაჯამებელი კონფერენცია: "კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები"

წლის შემაჯამებელი კონფერენცია: "კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვითი გამოწვევები"

მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, შექმნილი პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 25 დეკემბერს, eTwinning -ის ყოველწლიური კონფერენცია ონლაინ ფორმატით განხორციელდა. კონფერენციის მიზანი გახლდათ, კლიმატის ცვლილების და გარემოსდავითი გამოწვევების თემატიკაზე შექმნილი პროექტების წლიური შეჯამება. საკითხით დაინტერესებული პედაგოგები გაერთიანდნენ სპეციალურად მომზადებულ ონლაინ პლატფორმაზე.

კლიმატის ცვლილება არსებული რეალობაა, მასთან გამკლავებაში  განათლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.  eTwinning–ის გუნდმა საჭიროდ ჩათვალა, სასწავლო პროცესში ამ თემატიკისთვის კიდევ უფრო მეტი დროის დათმობა,  მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ზოგადად, მხარდაჭერის გამოცხადება მიმდინარე მოვლენებზე.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში 2020 წელს დაგეგმილი იყო მთელი რიგი აქტივობებისა, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, მათი საქმიანობის მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას. მათ, როგორც ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მოქალაქეებს, რა როლი ეკისრებათ კლიმატის ცვლილების ნაწილში.   წლის განმავლოაბაში, eTwinning-ის პორტალზე ინიცირებული იყო  ათასობით პროექტი კლიმატისა და გარემოს დაცვის თემაზე. ჩატარდა მრავალი ვებინარი, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, როგორც პარტნიორმა მხარდამჭერმა სააგენტომ, შექმნა და დანერგა ტრენინგ-მოდული კლიმატის თემაზე, უზრუნველყო დაინტერესებული მასწავლებლების შესაბამისი გადამზადება, პროფესიული მხარდაჭერა, ასევე,  ქართულ ენაზე ითარგმნა სხვადასხვა დამხმარე რესურსი.

პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა ძირითად საქმიანობას პროექტების ინიცირება/განხორციელება წარმოდგენს. მსგავსი მიდგომა ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილებზე დანერგონ განსხვავებული აქტივობები, შეიმუშავონ იდეები, რომელიც, თავისთავად, ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემების უფრო ღრმა, კონცეპტუალურ, მიზეზ-შედეგობრივ გააზრებას, ღირებულებების გადაფასებას და მოსწავლეთა ჩართვას შესაბამის აქტივობებში, სხვადასხვა პერსპექტივით.   რაც თავის მხრივ, ემსახურება კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

კონფერენცია ერთგვარი შეჯამება იყო მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებისა. კონფერენციას ესწრებოდა 100-მდე პროგრამაში რეგისტრირებული მასწავლებელი. კონფერენცია გახსნა eTwinning-ის პროგრამის მენეჯერმა, ხატია მატკავამ, რომელმაც ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე და ზოგადად, eTwinning-ის როლზე,  საკითხთან მიმართებაში.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელი გახლდათ მანანა რატიანი,  სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ისაუბრა კლიმატის ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე და მასწავლებლების როლზე, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის მექანიზმებზე და  იმ  ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც პედაგოგებმა უნდა გადადგან საკუთარი და მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად. მან ასევე მიმოიხილა ის პუბლიკაციები, რომელთა თარგმნაც eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მასწავლებლებს გადაეცათ, როგორც დამხმარე რესურსი.

კონფერენციის ფარგლებში, მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ  განხორციელებული პროექტების შესახებ  საუკეთესო პრაქტიკა, მიეღოთ კოლეგების უკუკავშირი, გაცნობოდნენ მრავალფეროვან დამხმარე რესურსებს, დასწრებოდნენ eTwinning-ის ამბასადორების მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს და განესაზღვრათ სამომავლო საქმიანობა.        

შეგახსენებთ, რომ პროგარამა eTwinningplus-ი 2013 წლიდან ხორციელდება და მასში რეგისტრირებულია 1660 მასწავლებელი, 900 სკოლიდან, ხოლო სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს პარტნიორ მხარდამჭერ სააგენტოს.