სიახლეები

ითვინინგის წლის შემაჯამებელი კონფერენცია 25-27 ოქტომბერი, ვარშავა.

ითვინინგის წლის შემაჯამებელი კონფერენცია  25-27 ოქტომბერი, ვარშავა.

2018 წლის 25-27 ოქტომბერს ქ. ვარშავაში, პოლონეთში ჩატარდა ითვინინგის წლის შემაჯამებელი კონფერენცია   "eTwinning and Our Heritage: Where the Past Meets the Future". კონფერენციას დაესწრო 500-მდე მასწავლებელი და განათლების სფეროს წარმომადგენელი ევროპის 44 ქვეყნიდან. აღნიშნულ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღო სამმა მასწავლებელმა საქართველოდან: ნინო კალანდიამ, სალომე ასათიანმა და ლელა გელაშვილმა.  კონფერენცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონფერენცია გაიხსნა ოფიციალური სტუმრების  მისალმებით და წლის მთავარი თემის შეჯამებით. ვინაიდან 2018 წლის ითვინინგის თემა იყო „კულტურული მემკვიდრეობა“  ხაზი გაუსვეს მისი სწავლების აუცილებლობას სკოლებში. აღნიშნულ თემაზე ისაუბრა Tibor Navracsics, ევროკავშირის კომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, მისი სიტყვებით "ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი წარსულის ხსოვნა. ეს ჩვენი მომავლის გასაღებია".

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებისთვის შეთავაზებული იყო თემატური საინფომაციო შეხვედრები სხვადასხვა თემებზე. აღნიშნულ შეხვედრებზე მასწავლებელთა რეგისტრაცია   განხორციელდა წინასწარ მათი ინტერესიდან გამომდინარე. პირველი დღის ბოლოს გაიმართა  გამარჯვებული პროექტების საზეიმო დაჯილდოება.

მეორე დღე დაიწყო გამარჯვებული პროექტების მიმოხილვით, მონაწილეებს აჩვენეს თითოეული პროექტის  დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები. გააცნეს   პროექტებში  გამოყენებული   ციფრული  რესურსები  და გაუზიარეს პროექტის წარმატების გასაღები და საჭირო საფეხურები.

ერთი-ერთი ვორქშოფის ფარგლებში ქართველ მასწავლებლებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება. მათ მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: "eTwinning-ი ყველაზე ძლიერი მოტივატორი".  რომელშიც განხილული ჰქონდათ ყველა ის აქტივობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა მოტივაციაზე და ხელი შეუწყო მათ აქტიურ მონაწილეობას ითვინინგის პროექტებში.  

კონფერენციის ბოლო შეხვედრის თემა იყო: “როგორ გავხდეთ ითვინინგის სკოლა“ და რა კრიტერიუმებს უნდა მიექცეს ყურადღება. აღნიშნულ შეხვედრაზე მასწავლებლებმა   ჯგუფურად იმუშავეს, ითვინინგის სკოლების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და ისაუბრეს იმ ძირითად კრიტერიუმებზე, რაც აუცილებელია ზემოთ აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად.

პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ დაეთმო დრო  მთავარ თემას „ადგილი სადაც  წარსული ხვდება მომავალს“.  თემა შეაჯამეს სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა. კონფერეციის დასასრულს მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს  კულტურულ ღონისძიებაში, რაც კარგი საშუალებაა კოლეგების ახლოს გასაცნობად.