საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლაში"

საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლაში"

თამარ შუალ ტრატჩენბერგი


თანამდებობა და ორგანიზაცია: ასისტენტ-პროფესორი, ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი; ევროპის დემოკრატიული კულტურის განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

თემა:

ინტერკულტურული პედაგოგიკის როლი დემოკრატიული კულტურის განვითარებაშიმოსწავლეთა კეთილდღეობის ძირითადი კომპონენტი

ინტერკულტურული და დემოკრატიული სასკოლო კულტურის განვითარება მოითხოვს, რომ პედაგოგებმა დააფასონ ადამიანის ღირსება და უფლებები და აღიქვან კულტურული მრავალფეროვნება როგორც ძალა. ინტერკულტურული დიალოგისა და საერთო კუთვნილების გრძნობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც გახსნილად მიუდგნენ კულტურულ განსხვავებებს, რწმენებს, მსოფლმხედველობასა და პრაქტიკებს.

მათ უნდა გამოავლინონ პატივისცემა, ფლობდნენ ავტონომიური სწავლის, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარებს, თანამშრომლობის, კონფლიქტების გადაჭრისა და სხვა შესაბამის კომპეტენციებს. ასევე, მნიშვნელოვანია, განივითარონ ცოდნა და კრიტიკული აღქმა საკუთარი თავის შესახებ.

ინტერკულტურულ პედაგოგიკას მნიშვნელოვანი როლი აქვს დემოკრატიული სასკოლო კულტურის გაძლიერებაში, რადგან ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ინტერკულტურულ დიალოგში და კრიტიკულად შეაფასონ არსებული რეალობა. იგი ხაზს უსვამს კულტურის როლს მოსწავლის იდენტობის ფორმირებაში, ასევე მის მონაწილეობასა და სოციალიზაციაში კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფთან.

მოსწავლეთა კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასწავლებელთა უნარზე, შექმნან ინკლუზიური და ინტერკულტურული გარემო. მოსწავლეებმა თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ, დაფასებულად და პატივცემულად, რათა აქტიურად და აზრიანად ჩაერთონ როგორც აკადემიურ, ისე სოციალურ ცხოვრებაში.

ინტერკულტურული განათლება და პედაგოგიკა პედაგოგებს აძლევს საჭირო ინსტრუმენტებს მოსწავლეთა კეთილდღეობის ხელშესაწყობად და ინტერკულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების გასაღრმავებლად სკოლაში.

ძირითადი მოხსენება განიხილავს ინტერკულტურული განათლების სხვადასხვა პედაგოგიურ მიდგომას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ინტერკულტურული და დემოკრატიული კომპეტენციების განვითარებას და ასახავს მათ შესაბამისობას ევროპის საბჭოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განმავითარებელ ჩარჩოსთან (RFCDC).

 

ბიოგრაფია

დოქტორი თამარ შუალ ტრატჩენბერგი ასწავლის ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტის (UCV) პედაგოგიკის ფაკულტეტზე, არის ევროპის დემოკრატიული კულტურის განათლების ინსტიტუტის დირექტორი და ხელმძღვანელობს კვლევით მიმართულებას: „ევროპული ღირებულებები და ხმელთაშუა ზღვის დიალოგი“.

მან პედაგოგიკის დოქტორის ხარისხი ვალენსიის უნივერსიტეტში მიიღო და მუშაობს როგორც საერთაშორისო კონსულტანტი ინტერკულტურული განათლებისა და მასწავლებელთა მომზადების მიმართულებით.

დოქტორი შუალი თანამშრომლობს ევროკომისიასთან, ევროპის საბჭოს განათლების პოლიტიკის დეპარტამენტთან და ჩრდილოეთ-სამხრეთის ცენტრთან. ასევე, არის ესპანეთის შედარებითი განათლების საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში მოქმედი სიმონ ვეილის სახელობის კათედრის თანადირექტორი, რომლის მიზანია რასიზმისა და ანტისემიტიზმის პრევენცია და ინტერკულტურული ურთიერთობების ხელშეწყობა.